ავსტირაში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდა

დასავლეთში ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ბარებში, რესტორნებსა და მსგავს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა, თუმცა ავსტრიამ გადაწყვიტა, პირიქით მოიქცეს. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.
2015 წლის მაისში მიღებული კანონის მიხედვით, ავსტრიაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა სრულად უნდა აკრძალულიყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ, რომლის ფორმირებაც ეროვნული პარტიის კონსერვატორებმა და თავისუფალი პარტიის მემარჯვენეებმა მოახდინეს, უარი თქვა ამ გეგმებზე.
 
მიღებული კანონის გაუქმების ინიციატორი თავისუფალი პარტიის ლიდერი, ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახეა, რომელმაც იანვარში, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ თამბაქოს მოწევის აკრძალვა მოქალაქეების არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.
 
“რესტორანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, აირჩიონ, სჭირდებათ თუ არა მათ მოწევისთვის განკუთვნილი დარბაზი, სადაც მოქალაქე თავად წყვეტს, ყავასთან ერთად სიგარეტის თუ სიგარის მოწევა ურჩევნია”, – განაცხადა შტრახემ.