თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 ერთეულს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ერთეულმა (68%) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის შესახებ“

„2016 წლამდე ქალაქში მოძრაობდა მხოლოდ მოძველებული ავტობუსები, რაც ქალაქის მზარდ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა. 2016 – 2017 წლებში მერიამ ევროკავშირის გრანტით და EBRD-ის კრედიტით შეიძინა თხევად გაზზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა 143 ერთეული ავტობუსი (MAN), რამაც ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაში დადებითი წვლილი შეიტანა, თუმცა ქალაქის მასშტაბებისა და სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინებით, ეს არასაკმარისია. ახალი ავტობუსების შემოყვანასთან ერთად ძველი ავტობუსები დარჩა ექსპლოატაციაში. თბილისის რელიეფისა და ქუჩების სივიწროვის გათვალისწინებით, ახალი ავტობუსების გამოყენება მათი დიდი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ქალაქის დიდ ნაწილში, შესაბამისად, ასეთ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის ერთადერთი საშუალებაა მიკროავტობუსები და შედარებით მცირე ზომის ავტობუსები (BOGDAN), რომლებიც ვერ გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას. ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ განაპირობა მათი მდგომარეობის გაუარესება. მგზავრთა გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობის მიუხედავად, სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებს მაინც უშვებს ხაზზე.“- აღნიშნულია ანგარიშში.