ჩემთვის ცუდი გარეგნობის ადამიანი უწოდებიათ, ამას მიჩვეული ვარ – თეა წულუკიანი

არგუმენტად ვერაფერს რომ ვერ მიპირისპირებენ, ჩემთვის ცუდი გარეგნობის ადამიანი უწოდებიათ და ამას მიჩვეული ვარ. ძალიან ბევრჯერ დისკრიმინაციული გამონათქვამების მსხვერპლი მეც ვყოფილვარ არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ქალების მხრიდანაც – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალების მიმართ დისკრიმინაციულ მიმართვებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, მსგავს დამოკიდებულებაზე პასუხი და გამოსავალია, მანდილოსნებმა ფარ-ხმალი არ დაყარონ და არგუმენტირებული ბრძოლა გააგრძელონ.

„თითქოს, ეს ყველას კულტურულ პრობლემად გვაქვს და რაღაცნაირად, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ როცა ქალის მიერ დაფიქსირებული პოზიციები არ მოგვწონს და სხვა არაფერი გვაქვს სათქმელი, მას ასე არ უნდა მივმართოთ.

ჩემს შემთხვევაში არგუმენტად ვერაფერს რომ ვერ მიპირისპირებენ, ჩემთვის ცუდი გარეგნობის ადამიანი უწოდებიათ, ამას მიჩვეული ვარ.

ყველა იმ ქალბატონს თანავუგრძნობ, ვინც ჩემნაირად ამის მსხვერპლი ყოფილა, მაგრამ ამის ერთადერთი პასუხი, წამალი და გამოსავალია, რომ ფარ-ხმალი არ დავყაროთ და არგუმენტირებული ბრძოლა გავაგრძელოთ, რომელიც ტყუილებზე დაფუძნებას კი არ გულისხმობს, არამედ სიმართლესა და პროფესიონალიზმს, რაც ქართველ ქალებს ყოველთვის ახასიათებდათ და ახლაც ახასიათებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.