მირზა სუბელიანმა გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ მიაწოდა

სახალხო დამცველის წარმომადგენლები გლდანის #8 სასჯელაღსრულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალური აუდიოჩანაწერის  გავრცელების შემდეგ მოინახულეს.

გავრცელებული ჩანაწერების საკითხზე მირზა სუბელიანმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, მირზა სუბელიანს მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მისი შვილის უფლებები დაცული ყოფილიყო.

„გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და არანაირი კომენტარი არ გააკეთა, არ ისურვა ამ თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა, ერთადერთი რაზეც გამოხატა მან ჩვენი დახმარების სურვილი, ეს შეეხებოდა მისი შვილის უფლებების დაცვას ხორავას ქუჩის საქმის გარშემო, სხვა თვალსაზრისით მას ჩვენ მიმართ რაიმე თხოვნა არ გაუკეთებია,“ –  ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერში ისმის დანაშაულის ნიშნის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია. ომბუდსმენის თქმით,პატიმრის უფლებები დარღვეულია ჩანაწერებთან დაკავშირებით და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.