საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა და მოკლა

პოლონეთის ქალაქ ლოძის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს 39 წლის მოქალაქე მამუკა ხეცურიანზე, რომელიც დაკავშირებულია 28 წლის პაულინა დ-ს გაუპატიურებასა და მკვლელობასთან. მასზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარითაა გამოცხადებული.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ხეცურიანმა ქალი მიიყვანა საერთო საცხოვრებელში სადაც მშენებლობაზე მომუშავე უცხოელები ცხოვრობდნენ. სამართალდამცავების მონაცემებით ქალი ცემით მოკლეს და დამნაშავეები სექსუალური მოტივით მოქმედებდნენ. სიკვდილის მიზეზი კისერში მახვილი საგნის, სავარაუდოდ დანის დარტყმა გახდა. ქალის მკვლელობის შემდეგ, მისი ცხედარი დაანაწევრეს და ტყეში გადამალეს. გვამის აღმოჩენა 5 დღის შემდეგ მოხერხდა, ქალის ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგად დაადგინეს. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: საქართველოს და ბელორუსის მოქალაქეები.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით წარმოშობით ქუთაისელმა მამუკა ხეცურიანმა ქალაქი ლოძი 20 ოქტომბერს დატოვა და 21 ოქტომბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, ამჟამად კი სავარაუდოდ საქართველოში იმყოფება.

ინტერპოლის მიერ მამუკა ხეცურიანზე ძებნის გამოცხადება “ნიუპოსტს” შსს-შიც დაუდასტურეს, თუმცა უწყება დეტალებზე არ საუბრობს:

„საქართველოს მოქალაქე მამუკა ხეცურიანზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია განთავსებული არის ინტერპოლის ვებგვერდზე, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. დამატებითი ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არის დაცული და ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის ინიციატორი არის პოლონეთი, ქართული მხარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს“- განაცხადეს უწყებაში.