ჩემს უფლებებს დავიცავ სასამართლოში, როგორც კი გათავისუფლდება ივანიშვილის წნეხისგან – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის განცხადებით, ის მის უფელებებს სასამრთალოში დაიცავს  როგორც კი სასამართლო გათავისუფლდება ივანიშვილის წნეხისგან. მისივე თქმით,  საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არ გეგმავს. 

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის თქმით, საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ სამართლებრივი გზებით გეგმავს. მისივე განცხადებით, პროკურატურას უნდა ჰყავდეს არასამთავრობო სექტორიდან შერჩეული ხელმძღვანელი და მოხდეს საქმეების სამართლიანი გამოძიება. 

„ხელისუფლებაში მოსვლა პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, ეს არის ივანიშვილის და მისი ამქარის სტილი. ჩვენ, განვსხვავდებით იმით, რომ გრიგოლ ვაშაძე მოდის ხელისუფლებაში საქართველოს გადასარჩენად და არა ვინმეს პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, თუნდაც ციხიდან გამოშვების პირადი პრობლემის გადასაწყვეტად, მით უმეტეს შეწყალების, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ დავადექით იმავე გზას, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლება, იმიტომ რომ ვიღაც გამოუშვან, ვიღაცას რაღაც გაუკეთონ, მაშინ აზრი არ აქვს ცვლილებას. ვაშაძე უნდა მოვიდეს იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას სასამართლო სისტემა, რომელიც ყველას მიმართ იქნება სამართლიანი. სასამართლო გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან. იყოს არასამთავრობო სექტორის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი პროკურორი. როგორც კი საქართველოში იქნება დამოუკიდებელი პროკურორი, რომელზეც არ განხორციელდება არც ერთი პარტიის პოლიტიკური წნეხი, როგორც კი იქნებიან უზენაესი, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეული კვალიფიციური, ავტორიტეტული მოსამართლეები, როგორც კი საქართველოში იქნება საშუალება უფლებების სამართლებრივი დაცვის და ეს გაკეთდება ეგრევე, როგორც კი “ოცნება” წავა ხელისუფლებიდან, მაშინ აღარავის შეწყალების აუცილებლობა აღარ იქნება და ჩვენ მზად ვართ დაველოდოთ ამ მომენტს და არ წამოვწიოთ წინა პლანზე ჩვენი მოთხოვნები, იმიტომ რომ ეს იქნება არასწორი.

ჩვენ გვაქვს გადასარჩენი საქართველო და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა დავეხმაროთ და არა საკუთარ თავს. ვაშაძე მოდის ამისთვის და არა ვიღაცის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის განსხვავება ჩვენს და ივანიშვილის ჯგუფს შორის.

რაც შემეხება მე, მე არ ვაპირებ შეწყალების მოთხოვნით მივმართო გია ვაშაძეს, მიმაჩნია, რომ ჯერ ერთი, არც არაფერი ჩამიდენია და რატომ უნდა მივმართო, არ მიმიმართია არც მარგველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით და მე ჩემ უფლებებს დავიცავ სასამართლოში, როგორც კი სასამართლო გათავისუფლდება ივანიშვილის პოლიტიკური წნეხისგან და ეს მოხდება ძალიან მალე.“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალქალაქში მომხდარ თავდასხმის ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მისამართით სიცრუეს ამბობს.

„გუშინ, მთელი დღე, ეს ქალბატონი და სხვა ივანიშვილის წარმომადგენლები, ემუქრებიან და აშანტაჟებენ მთელ საქართველოს სამოქალაქო ომით. ადანაშაულებენ ახალქალაქის ოცნების მიერ    მოწყობილი დარბევის, ცემის მსხვერპლს, რომ მათ თვითონ გამოიწვიეს თურმე საკუთარი თავის ცემა და თვითონ არიან დამნაშავეები და ათასგვარ სიცრუეს იძახიან ჩვენთან მიმართებაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა  გუშინ, უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის მიმართ გამოთქმული რეპლიკის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მე, ყველა ნორმალურ ადამიანს, მინდა ჩემის მხრივ მოვუხადო ბოდიში იმისათვის, რომ ხანდახან მიხდება ასეთი და შეიძლება ისეთ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ, როგორც უნდა ვხმარობდე, მაგრამ ჩვენ ყველას გვმართებს მეტი თავშეკავება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.