ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის დახურვას უახლოეს თვეებში გეგმავს – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის  დახურვას ბიძინა ივანიშვილი უახლოეს თვეებში გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, “ივანიშვილის გეგმა არის ძალიან მარტივი, მთავარი სამიზნე არის “რუსთავი 2”, რომლის დახურვასაც ის აპირებს, სადღაც თებერვალში-მარტში: “მაქსიმუმ აპრილში”.

“თვლის, რომ “რუსთავი 2”-მა კინაღამ “ააყირავა” ის და აგრძელებს მის აყირავებას. მაგრამ იმისათვის, რომ მან რუსთავი 2 დახუროს, უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა შესაძლო წინააღმდეგობრივი მოძრაობა იქნას განეიტრალებული”, თქვა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა, მოგვიანებით კი შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა. ევროსასამართლომ მოპასუხე მხარედ საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრა. თავად ტელეკომპანიის პოზიციაა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიზნესმენი ივანიშვილი ოპოზიციურად განწყობილ მედიას ებრძვის და დიდი ხანია, მის სამიზნეს “რუსთავი 2” – წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხშირად აკრიტიკებს ამ ტელეკომპანიას და მუდმივად უკმაყოფილოა მისი მუშაობით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო შეფასება “რუსთავი 2” – თან დაკავშირებით – მედიასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ტელეკომპანიაში “განსხვავებული აზრი შევიდეს”, რაც თავად “რუსთავი 2” – ში ხელისუფლების მხრიდან მუქარის სიგნალად აღიქვეს.