„ივანიშვილმა ყველაფერი გაიგო… დახოცილები არიან“ – „ოცნების“ გასაიდუმლოებული თათბირი

უვადო მოსამართლეების სია მმართველი გუნდისთვის განხეთქილების ვაშლად იქცა. უვე ვიცით, რომ ამ სიის გამო თანამდებობა მხოლოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კი არა, არამედ, მისმა პირვლემა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა, რომელიც ისეთივე ოდიოზური ფიგურაა, როგორც თავად მიხეილ ჩინჩალაძე, ვის გამოც ეს ორომტრიალი დაიწყო. ასევე, ვიცით ისიც, რომ უვადო მოსამართლეების სიაში მყოფებს, უფრორე, ჩინჩალაძეს ზარდიაშვილი ლობირებდა, თავის მხრივ, ზარდიაშვილის „კრიშა“ კი, როგორც ირკვევა, პარლამენტის ჯერჯერობით მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ მმართველი გუნდიდან ეუბნებიან, კობხიძის სპიკერობა ძალიან ცოტა დროს ითვლის, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კი, იმ კულუარებს გაგაცნობთ, რომელიც ბესელიას გდადგომას უძღვოდა წინ.


როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, კობახიძე-ზარდიაშვილმა, ანუ ე.წ. ახალგაზრდებმა მოახერხეს, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე ჩინჩალაძისა და სხვა „უვადოების“ კანდიდატურები პატიოსნებასა და ერთგულებაში დაერწმუნებინათ. ამიტომაც, როცა „შუშის სასახლეში“ გაუგიათ, რომ ამ პროცესს ეკა ბესელია შეაფერხებდა, ეს უკანასკნელი აუდიენციაზე დაუბარებიათ. აუდიენციას, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. სხვათა შორის, ბესელიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილს შეხვდა. ამ შეხვედრზე მას ივანიშვილისთვის ფაქტები წარუდგენია იმის შესახებ, რომ ჩინჩალაძის მიმართ თუ რა ინტერესი აქვთ „ოცნების“ ე.წ. ახალგაზრდებს. ამასთან, აღნიშნულ შეხვედრაზე ნახსენები ყოფილა სიტყვები – „კორუფცია“, „ფული“, „შოვნა“ და ასე შემდეგ…

აუდიენცია, საბოლოო ჯამში, იმით დასრულებულა, რომ „ოცნების“ თავმჯდომარეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნაზე ჩამოუგდია სიტყვა და ისიც უთქვამს, რომ ჩინჩალაძე უვადო მოსამართლე არ გახდებაო. ამ შეხვედრაზე გადაწყვეტილა, რომ თუ ზარდიაშვილი კომიტეტის თავჯდომარის პირველ მოადგილეობაზე იტყოდა უარს, მაშინ ბესელიაც გადადგებოდა. საბოლოოდ, მოვლენები სწორედ ასე განვითარდა.

ამას გარდა, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ უვადო მოსამართლეების სკანდალური სია გავიდოდა, ამის შემდეგი ნაბიჯი ის იქნებოდა, რომ ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებდა, მაგრამ ბოლო სკანდალმა ყველაფერი შეცვალა და პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ ახალი წლის შემდეგ ირაკლი კობახიძეს სპიკერობიდან გადააყენებენ. ამასთან, ჩვენი მონაცემებით, მისი გუნდის პოზიციები „ოცნებაში“ საგრძნობლად შესუსტდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ანრი ოხანაშვილი, რომელსაც ლობირებს კობახიძის გუნდი ბესელიას შემცვლელად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვერ გახდება.

„დახოცილები არიან“, – ეუბნება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც ასევე, გვაწვდის ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში უმრავლესობის, დაახლოებით, 40 წევრი ივანიშვილთან აპირებს შეხვედრას, რადგან საქმის კურსში უფრო დეტალურად ჩააყენოს, თუ რა მაქინაციებს აკეთებს კობახიძის გუნდი.

„ივანიშვილმა რაღაცები უკვე იცის, ამ დღეებში ყველაფერს უფრო დეტალურად გაიგებს და „ოცნების“ უმრავლესობაში დიდი გადაადგილებები იქნება,“ – გვეუბნება წყარო, რომელიც ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდება პროცესები.