საქართველოს პრეზიდენტი დღეს 67 წლის გახდა

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის – ზეინაბ კედიას ოჯახში. ზურაბიშვილი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია.

განათლება
1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. ერთი წლის შემდეგ – აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტი. 1981 წელს დაამთავრა პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

კარიერა საფრანგეთში
ზურაბიშვილმა დიპლომატის კარიერა საფრანგეთში 1974 წელს დაიწყო. 1977 წლამდე იგი იტალიაში საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი იყო.

1977–1980 წლებში ზურაბიშვილს გაეროს საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის პოზიცია ეკავა.

1980–1984 წლებში იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი

1984–1988 წლებში – ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი

1988–1989 წლებში – ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი 

1989–1992 წლებში – ჩადში საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი

1992–1993 წლებში – ნატოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი

1993-1996 წლებში – დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

1996-1998 წლებში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი

 1997-1998 წლებში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი

1998-2001 წლებში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს თანამშრომელი

2001-2003 წლებში საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი

კარიერა საქართველოში
2003–2004 წლებში ზურაბიშვილი იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი

2004–2005 წლებში სათავეში ედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2006 წელს დააფუძნა პარტია „საქართველოს გზა“.

ზურაბიშვილი ოპოზიციურ ბლოკს აქტიურად უჭერდა მხარს 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.

2010 წელს საფრანგეთში დაბრუნდა და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა.

2016 წელს, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მთაწმინდის რაიონიდან, მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე და დეპუტატი გახდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“.

28 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ზურაბიშვილმა მის მთავარ მოწინააღმდეგეზე გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა სრული გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ოჯახი
ზურაბიშვილი ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე წარმოშობით ირანელი ქართველი გორჯესტან გუგუშვილი იყო. მათ ორი შვილი ჰყავთ – დიპლომატი თეიმურაზი და ჟურნალისტი ქეთევანი.

სალომე ზურაბიშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ცნობილ ქართველ ფილოსოფოსთან, პუბლიცისტთან და ჟურნალისტთან ჯანრი კაშიასთან. კაშია 2012 წელს გარდაიცვალა.