“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა”- ჯანდაცვის ახალი მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მის წინამორბედს, დავით სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც გუნდისა და დავით სერგეენკოს დამსახურებაა.

“გულწრფელად, ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.