თუ საქართველო არ დასჯის პასუხისმგებელ პირებს, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ წამქეზებლები – გავრილოვი 20 ივნისს მომხდარს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამოძიებას და პროცესში რუსული მხარის ჩართვას მოითხოვს. განცხადება მოსკოვში დაბრუნებულმა დეპუტატმა, რუსეთის სათათბიროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გავრილოვი მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს, რომლის საბაბადაც მისი თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გამოიყენეს და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს.

გავრილოვის განცხადებითვე, პროვოკაციები საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ურთიერთობების განადგურებისკენ არის მიმართული.

“რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და მტრული ქმედებები რუსეთის წარმომადგენლების მიმართ, რა თქმა უნდა გამოძიებული უნდა იყოს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, თუ საქართველო არ გამოავლენს და არ დასჯის პასუხისმგებელ პირებს, უნდა გამოვავლინოთ ამ ქმედებების წამქეზებლები. ამასთან მიმაჩნია, რომ ჩვენმა მოქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენ ერებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობისა და პატივისცემის ზრდაზე, რამდენადაც სწორედ ურთიერთობების ბლოკირება არის მთავარი მიზანი ექსტრემისტების, რომლებმაც დაიწყეს ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საბაბად გამოყენებით.”