„პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“- კახა კალაძე

„პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“ – კახა კალაძე 20 ივნისის სისხლიან მოვლენებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

ამის შესახებ მან დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პარლამენტის წინ ვითარების ესკალაციის მიზეზი სწორედ ოპოზიციის ლიდერების განცხადებები განცხადებები გახდა.

„ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტში შევარდნაზე და ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ასევე ვნახეთ ცალკეული შემთხვევები, ეპიზოდები ძალის გადამეტების და ამაზე უკვე შსს დაწყებული აქვს  მოკვლევა. პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა ამ კონკრეტულ ფაქტებზე და რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს, ის პიროვნებები, ვინც ცუდად ცდილობდა ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება, დამხობა და ა.შ.,“- განცხადა კალაძემ.