„შეგახსენებთ, თბილისამდე მხოლოდ 200 კილომეტრია…” -კადიროვი საქართველოს ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება. თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია,- იმუქრება კადიროვი. ის საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. 

კადიროვის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭება დასავლეთის „აღზრდილი“ პოლიტიკოსების ბრალია. „ალაჰმა იცის, რომ ჩეჩნეთი ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართულ ინტელიგენციასთან, მეცნიერებთან და კულტურის მოღვაწეებთან“ – აღნიშნა ჩეჩნეთის მეთაურმა.

2009 წელს კადიროვმა როიტერთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სასურველია, რუსეთმა უკრაინასა და საქართველოში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს. მისმა სიტყვებმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, რის გამოც კადიროვის პრეს-მდივანს განმარტების გაკეთება მოუწია.
კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. კადიროვის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ. “დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა,”- წერს კადიროვი.