ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია – ჟურნალისტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

გორში, პოლიციელები ჟურნალისტს თავს დაესხნენ. “QARTLI.GE”-ს ჟურნალისტის ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი საგზაო შემთხვევის ვიდეო გადაღებას ცდილობდა. მისი თქმით, როდესაც ის ლიახვის ხიდზე გადაბრუნებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილის ფოტოს იღებდა, ათამდე სამართალდამცველი თავს დაესხა და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა. 

„ორივე სამოქალაქო ფორმაში იყო, მაგრამ ვიცი, რომ პოლიციელები არიან.ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, დანარჩენებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. ერთ-ერთმა მათგანმა ბეჭებში ჩამარტყა ხელი. სავარაუდოდ, როგორც მათი რეაქციიდან ირკვევა,ვიღაც მაღალჩინოსანი იჯდა ამ მანქანაში,“-ამბობს წიწიკაშვილი.

წიწიკაშვილის თქმით, ის მასზე ძალადობის ამსახველ მასალას პოლიციას გადასცემს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.