საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე, Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე. შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ, როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში – „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“. ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, წლებია, მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. ამ მიზნით, ბანკმა შექმნა სრულიად ახალი ვებპლატფორმაც www.boe.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება.