„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ინტერნეტში არალეგალურად გავრცელდა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერი მიმართავს საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ინტერნეტში ფილმის გავრცელებისგან. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა:

„მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს.
ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში. დიდ მადლობას გიხდით, ბოლო პერიოდში, ფილმის მიმართ გამოხატული აქტიური თანადგომისთვის და ახლაც მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით!“ – ვკითხულობთ ქეთი დანელიას განცხადებაში.

ფილმის პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს გაიმართა.