ნუ დამალავთ დაავადების სიმპტომებს – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ შემთხვევებზე, როდესაც COVID 19-ის სიმპტომების მქონე პაციენტებთან სამედიცინო პერსონალი აღჭურვილობის გარეშე მივიდა. მინისტრმა განმარტა, რომ პირველადი ინფორმაციით, გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე ასეთ ფაქტებს არ ადასტურებს, თუმცა თემასთან დაკავშირებით მისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება. 

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტებს 112-ის გამოძახების რეალური სიმპტომი დაუმალავთ. 

“მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდის ადრეულ ეტაპზე დაფიქსირება, მით უმეტეს, როდესაც პაციენტი არის მოწყვლადი ჯგუფიდან, ვინაიდან დროულად დასმულ დიაგნოზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა საუკეთესო გამოსავლისთვის. კოვიდი არ არის სტიგმა, ამიტომ ნუ მოერიდებათ დაასახელონ ის რეალური მიზეზები, რისთვისაც რეკავენ 112-ში,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.