“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გუშინ საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს მოუწოდა, საკითხით დაინტერესდნენ. მისი თქმით, პოლიცია არ იცავს მოქალაქეებს და მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს:
“გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებლად, პოლიცია არ იცავს მოქალაქეს, პოლიცია არ იცავს კანონს, ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და რა თქმა უნდა, ისინი იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს.
ხაზს ვუსვამ, ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ესენი იყვნენ პოლიციის ფორმაში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები, სპეცრაზმელების წარმომადგენლები.
ჩვენ ასეთი პოლიტიკური სამართლის გამო, ასეთი დიქტატორული რეჟიმის გამო, მივმართავთ მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავებით, მათ შორის სისხლის სამართლის საქმით, რომელსაც აპირებენ აღძრან ბაჩო თამლიანზე და წაუყენონ ბრალი. ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს ამ საქმეებით, ასევე, ვპირდები თითოეულ ზონდერს, “ხარებას” და ზვიად ჭოხონელიძის პირად ზონდერებს, ანუ ივანიშვილის პირად ზონდერებს, რომ თავად იქნებით პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ აქტზე, რომელსაც შალვა ბედოიძე, შსს-ს მოადგილე თაობდა გუშინ”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.