10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი სოციალური მედია ქართველი ემიგრანტის წერილი იტალიას

ქართველი ემიგრანტის წერილი იტალიას

წერილი იტალიას
მერ არც პირველი და არც უკანასკნელი ემიგრანტი ვარ. საქართველოს სურნელი, ჯერ კიდევ შემორჩა, სამშობლოდან ჩამოტანილ ნივთებს. ჩემი მზერა, ისევ ჰორიზონტს გაჰყურებს და როგორც ჩემი პატარა ქალიშვილი, მეც თითს აღმოსავლეთით ვიშვერ და ვამბობ, რომ იქ, შორს, ცის და მიწის შეერთებულ ზოლთან საქართველოა.

“მე, თქვენზე უკეთ მესმის თქვენი, ემიგრაციაში მყოფი წინაპრების გულის ცემა! მე უკვე კარგად ვიცი, რას განიცდიდნენ ისინი, როცა შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ და ასრულებდნენ ყველაზე სარისკო სამუშაოს. აშენებდნენ სხვის სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. მე მიყვარს თქვენი წინაპრები, რადგან მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც, როგორც ძლიერი იტალია, ჩვენ უნდა შევუქმნათ ჩვენს შთამომავლობას!“

გამარჯობა ძვირფასო იტალია და ძვირფასო იტალიელებო. მე ქართველი ვარ და ჩემს სამშობლოს საქართველო ჰქვია. დღეს საქართველოში, მხოლოდ 3.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს, ხოლო 1.5 მილიონი საზღვრებს გარეთ იმყოფება. სამწუხაროდ ემიგრანტის სტატუსით.

ჩემი პატარა სამშობლო დღეს ეკონომიკური სიდუხჭირის და მისი დაძლევის რთულ გზას გადის, ამიტომაც ასი ათასობით დედამ, დამ და შვილმა ავიკარით გუდა – ნაბადი და დღეს თქვენს მშობლებს, შვილებს და დედმამიშვილებს ვუვლით, ვემსახურებით, რადგან ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ.

თქვენ, რასაკვირველია, არ გესმით რა გაუსაძლისი სევდაა ემიგრანტობა, რადგან ის თაობა ხართ, რომლებმაც თავი დააღწიეთ ეკონომიკურ კრიზისს, სიღარიბეს და შიმშილს , თქვენი წინაპრების წყალობით, რომლებიც, როცა გიჭირდათ, თქვენი ოჯახების გადასარჩენად, ჩვენსავით მოედნენ მსოფლიოს.

თქვენი თითოეული წინაპარი, რომელიც ემიგრაციაში წავიდა, არაფრით ჩამორჩება თქვენს რომაელ ღმერთებს, რომლებიც ოლიმპოს მთაზე თათბირობდნენ. ისინიც ნახევრად ღმერთები და გმირები არიან! თქვენ, თქვენმა ბებია-ბაბუებმა წელში გამართული და ძლიერი იტალია დაგიტოვეს. მე, თქვენზე უკეთ მესმის თქვენი წინაპრების, რადგან ახლა მეც და ჩემსავით მილიონზე მეტი ქართველი, იგივე გზას გავდივართ სამშობლოსთვის და საკუთარი ოჯახებისთვის.

მე, თქვენზე უკეთ მესმის თქვენი, ემიგრაციაში მყოფი წინაპრების გულის ცემა! მე უკვე კარგად ვიცი, რას განიცდიდნენ ისინი, როცა შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ და ასრულებდნენ ყველაზე სარისკო სამუშაოს. აშენებდნენ სხვის სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. მე მიყვარს თქვენი წინაპრები, რადგან მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც, როგორც ძლიერი იტალია, ჩვენ უნდა შევუქმნათ ჩვენს შთამომავლობას!

მე ვიცი, როგორ სტკიოდათ მათ და რა საფასურის გადახდა უწევდათ ადამიანად ყოფნისა და ადამიანად ცნობისთვის.

ამ წერილის დაწერა ლეგალიზაციის კანონმა მიკარნახა, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი. წლებით ნაშენები ნდობა, სიყვარული, პატივისცემა უეცრად, გაქრა და მის ადგილზე გაჩნდა უნდობლობა.

ჩვენ არ ვართ ერი, რომელსაც ადამიანის გამეტება შეუძლია, ჩვენ არ გვაქვს ბოროტი გენი, ჩვენი სისხლი არ არის შხამით მოწამლული. ჩვენც ქრისტიანები ვართ. ჩვენც გვყავს იესო და მარიამი და საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

ჩვენ დიდი სიყვარული და მეგობრობა შეგვიძლია. ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი მადლიერია იტალიელი ხალხის. რომ არა თქვენ, რომ არა, თქვენი, ემიგრანტებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა , რომ არა თქვენი საზოგადოების განათლებული, ჰუმანური და კეთილსინდისიერი ნაწილი, აქ მყოფი ემიგრანტების უმრავლესობა საკუთარი გასაჭირის ჭაობში ჩაიხრჩობოდა.

თავს უფლებას მივცემ ვილაპარაკო იტალიაში მყოფი ქართველი ხალხის სახელით, იმ ქართველების, რომელსაც პირადი გაუსაძლისი პრობლემები გულზე ლოდად აწევთ, მაგრამ თქვენს ოჯახებში ისინი მუდამ იღიმებიან. თუ დააკვირდებით, ჩვენს სამსახურს უცნაური სახელი ჰქვია – 24 საათიანი სამსახური. რას იტყვით? სახელიც ხომ ძნელად წარმოსადგენია? მისი შესრულების სირთულეებზე რომ არ ვილაპარაკო.

განა, ჩვენ ანგარიში არ ვიცით? განა ექიმობა გვეშლება? განა ცუდი პედაგოგები ვართ? განა ცუდი ეკონომისტები და ბუღალტრები? განა ცუდი მუსიკოსები? განა ცუდი კაპიტნები და მეზღვაურები? განა ცუდი იურისტები და ა.შ.  არა, უბრალოდ ახლა ჩვენთან ის დროა, რაც იტალიამ 50 წლის წინ, უკან მოიტოვა.

პირადად მე, უფლება არ მაქვს, იტალია როგორც ლოცვა, ისე არ წარმოვთქვა და ეს არ გახლავთ ან ლირიკა, ან სწორად შერჩეული სტრიქონები. დღეს, თქვენს მიწაზე ჩემი 6 წლის ქალიშვილი დააბიჯებს და მან უკვე იცის, რომ მას ორი სამშობლო აქვს – საქართველო და იტალია! მე მადლიერი ვარ თქვენი! მე მიყვარხართ თქვენ, რადგან დღეს თუ მე თავს ადამიანად ვგრძნობ, ეს ჩემი იტალიელი მეგობრების დამსახურებაა!

მე, ბოდიშს გიხდით ყველა იმ ქართველის მაგივრად, ვისაც ოდესმე ბოროტად გამოუყენებია თქვენი ნდობა. ბოდიშს გიხდით, იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელიც ჩაუდენიათ და ბოდიშს გიხდით, იმათ მაგივრად, ვისაც მადლიერების გრძნობა არ გააჩნია. ჩვენც, ისე ჩავდივართ შეცდომებს, როგორც კაცობრიობის მოდგმა სხვა და სხვა ერში.

ჩვენ არ ვართ ადამიანები სამშობლოს და კულტურის გარეშე. არც მხოლოდ შინამოსამსახურეების ქვეყანა ვართ.

და ბოლოს. ერებს შორის სიყვარულს და მეგობრობას არა პოლიტიკოსები, არამედ რიგითი ადამიანები, მოქალაქეები ქმნიან და აგებენ თანამეგობრობის ხიდს, როგორც ერთმანეთში გადახლართულ ცოცხალ ფესვებს.

მიყვარხართ ქართველებო!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატარა სამშობლო და გვისაშველოს!

ჩემი წერილის იტალიურ ვერსიას ნახავთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე. წერილი იტალიურად თარგმნა მელი თურმანიძემ.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...